"ქართული ოცნების" წევრები კონგრესმენებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს "რუს ოლიგარქად" მოიხსენიებენ, არაობიექტურ ლობისტებს უწოდებენ.
მმართველი გუნდის წევრმა, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ექვსივე ამერიკელი კანონმდებელი არაობიექტურობაში დაადანაშაულა და ექვსივე მათგანს ფრონტერას ლობისტი უწოდა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ამბობენ, რომ სიგნალი საგანგაშოა, გაფრთხილება ბოლოა და მას შესაძლოა მკაცრი სანქციები მოჰყვეს. მათი თქმით, ამ წერილით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოხატა, რომ ოლიგარქიული მმართველობის დასასრულს ელის.
ცნობისთვის, 6 ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს წერილს უგზავნის, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული. კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს.